დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში

ძოწი

ძოწი 

სახელი „ძოწი“  ასოცირდება ბროწეულის ფერთან, რადგან ეს მინერალი, უმეტესად, სწორედ მუქი წითელი შეფერილობით გვხვდება.

ინგლისური სახელწოდება “Garnet” მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან “granatum”, რაც „მარცვლოვანს“ ან „ბროწეულის მარცვალს“ ნიშნავს. საბოლოოდ, წითელი ძოწის სახელწოდება XVIII საუკუნეში დამკვიდრდა გერმანელი გეოლოგის, ავრაამ ვერნერის მიერ, რომელმაც მინერალების კლასიფიკაციის სისტემა მათი გარეგნული ნიშნების მიხედვით დახვეწა .

ისტორია

წითელი ძოწის გამოყენება ათასწლეულებს ითვლის.

  • - ძოწი, საიუველირო ნაკეთობებში პირველებმა ბერძნებმა, რომაელებმა და სპარსელებმა გამოიყენეს.
  • - ეგვიპტელები მას, როგორც დეკორატიულ, ასევე ცერემონიალურ ქვად იყენებდნენ.
  • - ანტიკურ რომში ძოწი დამცავ თილისმად ითვლებოდა და მას ხშირად ატარებდნენ.

 

რა არის ძოწი?

ბუნებრივი ძოწი - არის მინერალთა ჯგუფი, რომელიც ძირითადად ცნობილია მუქი წითელი, ბროწეულისფერი შეფერილობით, თუმცა გვხვდება მწვანე, ყვითელი, სტაფილოსფერი, ყავისფერი და იშვიათად ლურჯიც.

ეს არ არის ერთი კონკრეტული ქვა — ეს არის მთელი მინერალური ჯგუფი, რომელიც აერთიანებს რამდენიმე განსხვავებულ სახეობას:

ძოწის ძირითადი სახეობები

პიროპი – გამჭვირვალე ან ნახევრად გამჭვირვალე, სისხლისფერი წითელი ქვა. იშვიათად გვხვდება ვარდისფერ ან სტაფილოსფერ-წითელ ტონებში.

ალმანდინი – ყველაზე გავრცელებული სახეობა. ფერები მერყეობს წითელიდან - წითელ-იისფრამდე, გვხვდება ალუბლისფერი, ყავისფერ-წითელი და ზოგჯერ თითქმის შავი ტონებიც. განსაკუთრებულად ფასობს გამჭვირვალე ალმანდინი.

სპესარტინი – გამოირჩევა განსაკუთრებული ბზინვარებით. ფერთა გამა მოიცავს წითელ, ვარდისფერ, სტაფილოსფერ, ყვითელ-სტაფილოსფერ და ყავისფერ ტონებს.

გროსულარიტი – შეიცავს ალუმინიუმსა და კალციუმს. გვხვდება ოქროსფერ-ყვითელ, მწვანე, ყავისფერ და ვარდისფერ ფერებში. განსაკუთრებით, ფასეულია გამჭვირვალე და თეთრი გროსულარიტი.

ანდრადიტი – გამოირჩევა ალმასისებრი ბზინვარებით. მისი მწვანე ვარიაცია (დემანტოიდი) ზურმუხტს ძალიან ჰგავს და ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი სახეობაა.

როდოლიტი – ვარდისფერი შეფერილობის ქვა, რომლის სახელიც „ვარდს“ უკავშირდება. მისი სიწმინდე და ფერი მას განსაკუთრებულ პოპულარობას ანიჭებს საიუველირო ნაკეთობებში.

ფიზიკური თვისებები

  • - სიმაგრე მოსის სკალაზე: 6.5 – 7.5
  • - კარგი გამძლეობა ყოველდღიური ტარებისთვის
  • - ძლიერი ბზინვარება და სინათლის კარგი გარდატეხა

იშვიათი და განსაკუთრებული ძოწები

მიუხედავად იმისა, რომ ძოწი, ზოგადად ხელმისაწვდომ ქვად ითვლება, არსებობს იშვიათი სახეობები, რომლებიც მაღალი ფასით გამოირჩევა.

ვარსკვლავური ძოწი – განათებისას, მის ზედაპირზე ჩნდება ვარსკვლავის ფორმის ფიგურა (ასტერიზმი), რომლის სხივები სხვადასხვა მიმართულებით იფანტება.

ლურჯი ძოწი – XX საუკუნის მიწურულს, მადაგასკარში, აღმოჩენილი უნიკალური სახეობა. სინათლის ცვლილებისას შეუძლია ფერის შეცვლა და ლურჯიდან მწვანე-იისფრამდე გარდაქმნა.

სად მოიპოვება?

ძოწი მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. მისი ძირითადი მომწოდებელი ქვეყნებია:

ჩინეთი, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ბრაზილია, ინდოეთი, ტაილანდი, აშშ, კენია, ნამიბია და აფრიკის სხვა რეგიონები.

ლაბორატორიაში გაზრდილი ძოწი

არსებობს , ლაბორატორიულად შექმნილი , სინთეთიკური ძოწიც.

ის, ქიმიური შემადგენლობით განსხვავდება ბუნებრივი ქვისგან და მისი მთავარი დანიშნულება ვიზუალური ეფექტია.

ლაბორატორიული ქვები, ფართოდ გამოიყენება საიუველირო ნაკეთობებში და გვხვდება თითქმის ყველა ფერში.

ძოწი ეზოთერიკაში

უძველესი დროიდან ძოწი ითვლებოდა ენერგიისა და რეგენერაციის ქვად.

მიაჩნდათ, რომ:

  • - აღადგენს ენერგიას
  • - აძლიერებს მოტივაციას
  • - ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში
  • - იზიდავს ფინანსურ შესაძლებლობებს
  • - იცავს უარყოფითი ენერგიისგან

ლითოთერიკოსების აზრით, ძოწი დადებითად მოქმედებს სისხლსა და გულზე, იმუნურ სისტემაზე, ძვლებზე და საერთო ფიზიკურ ენერგიაზე.

რომელი ზოდიაქოს ნიშანს უხდება ძოწი?

თხის რქა – ენერგიული და შრომისმოყვარე ნიშანი; ძოწი მათთვის იდეალური არჩევანია.

ლომი და მშვილდოსანი – მათთვის ძოწი ნებისმიერ ფერში ხელსაყრელია.

მერწყული და სასწორი – რეკომენდებულია მწვანე ძოწი.

კირჩხიბი და თევზები – ამ ნიშნებისთვის ძოწი შესაძლოა ენერგეტიკულად დამღლელი იყოს.

თუ გსურთ, რომ ძოწმა დამცავი ამულეტის ფუნქცია შეასრულოს, მნიშვნელოვანია ქვა ინდივიდუალურად თქვენზე იყოს მორგებული. ითვლება, რომ თუ მას სხვა ადამიანი ატარებდა, სასურველია ენერგეტიკული გაწმენდა.