დამატებულია კალათაში მარაგში არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში

ვერცხლი

ვერცხლი — საუკუნოვანი ლითონი: მოპოვებიდან ოსტატის დახლამდე და მოვლის საიდუმლოებები

 პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ვერცხლი ერთ-ერთი ყველაზე „ცოცხალი“ და ემოციური ლითონია. ოქროსგან განსხვავებით, მას აქვს თავისი ხასიათი, რეაგირებს გარემოზე, პატრონის კანის ტიპზეც კი და მოითხოვს სწორ გაგებას.

სამწუხაროდ, დღეს ბაზარზე ბევრი მცდარი ინფორმაცია ვრცელდება, რასაც მყიდველი შეცდომაში შეჰყავს. მოდით, პრაქტიკოსი ოსტატის თვალით შევხედოთ ვერცხლის გზას — მაღაროდან თქვენს თითზე გაკეთებულ ბეჭდებამდე.

1. მცირე ისტორია და მოპოვება

კაცობრიობა ვერცხლს 6 000 წელზე მეტია იცნობს. ანტიკურ ხანაში მას ხშირად ოქროზე მეტადაც კი აფასებდნენ, რადგან წმინდა სახით ბუნებაში უფრო იშვიათად გვხვდებოდა.

დღეს ვერცხლის ძირითადი მოპოვება ხდება ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა მექსიკა, პერუ და ჩინეთი. თუმცა, საინტერესო ის არის, რომ წმინდა ვერცხლი (999 სინჯი) ძალიან რბილია — ის თითქმის პლასტილინივით იღუნება. ამიტომ, საიუველირო საქმეში წმინდა ვერცხლისგან ნაკეთობას ძალიან იშვიათად ამზადებენ,რადგან ეს საკმაოდ არაპრაქტიკულია.

2. დამუშავება: როგორ იბადება ნაკეთობა?

 ვერცხლისთვის სიმტკიცის მისაცემად, მასში ვამატებთ სხვა ლითონებს (ძირითადად სპილენძს). ასე მიიღება 925 სინჯი (Sterling Silver), რაც ნიშნავს, რომ შენადნობის 92.5% არის წმინდა ვერცხლი, ხოლო 7.5% — გამამაგრებელი ლითონი.

როგორ ხდება ნაკეთობამდე მიყვანა?

  1. ჩამოსხმა : ვერცხლს ვადნობთ 961.8°C ტემპერატურაზე და ვასხამთ სპეციალურ თაბაშირის ყალიბებში.

  2. დამუშავება და ფაქტურა: ჩამოსხმული დეტალები იხეხება, ეძლევა საბოლოო ფორმა და სმენითი სიზუსტით ჯდება თვლები.

  3. პოლირება: ნაკეთობა გადის პოლირებას, რათა მივიღოთ სარკისებური ბზინვარება.

  4. საბოლოო დაფარვა: აი, აქ კი მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან და სადავო თემას!

3. როდირება, მოოქროვება თუ მოვერცხლვა — რას გვეუბნება პრაქტიკა?

ხშირად მომხმარებელს ჰგონია, რომ თუ ვერცხლი შავდება, ის უხარისხოა. ეს არის ყველაზე დიდი მითი! ვერცხლის ჟანგვა (გაშავება) ჰაერში არსებული გოგირდისა და ადამიანის ოფლის ბუნებრივი ქიმიური რეაქციაა.

მის დასაცავად და იერსახის შესაცვლელად იუველირები ვიყენებთ სხვადასხვა დაფარვას. 

პრაქტიკაში საუკეთესო დაფარვა - როდირებაა.

ა) როდირება (Rhodium Plating) — საუკეთესო არჩევანია!

როდიუმი პლატინის ჯგუფის ძვირფასი ლითონია, რომელიც ოქროზე ძვირი ღირს.

  • როგორ მუშაობს: ვერცხლის ნაკეთობას ელექტროქიმიური წესით ედება როდიუმის თხელი შრე.

  • შედეგი: ნაკეთობა იღებს თეთრ ოქროსებრ, აბსოლუტურად ბზინვარე იერს, არ შავდება და ნაკლებად იკაწრება.

  • რამდენ ხანს ძლებს (პრაქტიკა): ყოველდღიური მოხმარების ბეჭედზე ძლებს 1-დან 2 წლამდე. საყურესა და კულონზე — 3-დან 5 წლამდე (რადგან ნაკლები ხახუნი აქვთ). შრის გაცვეთის შემდეგ შესაძლებელია ხელახალი როდირება.

ბ) მოოქროვება (Gold Plating) — დროებითი სილამაზე

  • როგორ მუშაობს: ვერცხლზე ისმება 18K ან 24K ოქროს თხელი ფენა.

  • შედეგი: იღებთ ოქროს იერსახეს ბევრად დაბალ ფასად.

  • რამდენ ხანს ძლებს (პრაქტიკა): ბეჭდებსა და სამაჯურებზე, რომლებიც წყალთან და ხახუნთან არიან კონტაქტში, მოოქროვება 3-დან 6 თვემდე ძლებს. საყურეებსა და კულონებზე შეიძლება 1-2 წელიც გაძლოს.

  • ოსტატის რჩევა: თუ ყოველდღიურად ატარებთ, მოოქროვება პერიოდულად განახლებას მოითხოვს.

გ) მოვერცხლვა (Silver Plating) — აზრი არ აქვს!

  • რეალობა: 925 სინჯის ვერცხლის ნაკეთობის ხელახლა წმინდა ვერცხლით (999) დაფარვა პრაქტიკულად არაფერს ცვლის. ის მაინც გაშავდება და ისევე მოითხოვს მოვლას, როგორც ჩვეულებრივი ვერცხლი. ეს ტექნოლოგია ძირითადად ბიჟუტერიაში (უბრალო ლითონის დაფარვისას) გამოიყენება და 925 ვერცხლისთვის უსარგებლო ხარჯია.

4. ოსტატის რჩევები: როგორ მოვუაროთ ვერცხლს?

თუ თქვენი ნაკეთობა არ არის დაფარული როდიუმით და არის სუფთა 925 ვერცხლი, დაიცავით ეს მარტივი წესები:

  1. მოარიდეთ ქიმიას: მოიხსენით ვერცხლი აუზში (ქლორი), ზღვაში (მარილები), შხაპის მიღებისას და პარფიუმერიის/კრემის წასმისას.

  2. შენახვა: შეინახეთ მშრალ ადგილას, სასურველია ნაჭრის ჩანთაში ან ცალკე ყუთში (ჰაერთან მინიმალური კონტაქტი).

  3. სახლის პირობებში გაწმენდა:

    • არასოდეს გამოიყენოთ კბილის პასტა ან სოდა მშრალად! ის ტოვებს მიკრო-ნაკაწრებს და ნაკეთობა ბზინვარებას სამუდამოდ კარგავს.

    • სწორი მეთოდი: თბილ საპნიან წყალში ჩაალბეთ 10 წუთი, რბილი ჯაგრისით ნაზად გაწმინდეთ და გაამშრალეთ მიკროფიბრის ჩვარით.

  4. პროფესიონალური მოვლა: წელიწადში ერთხელ მიიტანეთ იუველირთან სპეციალურ ულტრაბგერით აბაზანაში გასაწმენდად და პოლირებისთვის.

ვერცხლის წლობით იდეალური იერის შენარჩუნებისთვის, გაშავების გარეშე — აირჩიეთ როდირებული ვერცხლი. ხოლო თუ კლასიკური ვერცხლის ბუნებრივი იერი გიყვართ, უბრალოდ ისწავლეთ მისი სწორი მოვლა!