ოქრო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე სასურველი და სტაბილური ლითონია, თუმცა მომხმარებლების უმეტესობას მაინც ბევრი შეკითხვა აქვს: „რით განსხვავდება 585 და 750 სინჯი?“, „თეთრი ოქრო ბუნებრივია თუ შეღებილი?“, „რომელი ფერია ყველაზე გამძლე?“ „რომელი ქვეყნის ოქრო ჯობია ?“
მოდით, პრაქტიკოსი ოსტატის თვალით განვიხილოთ ოქროს გზა — მაღაროდან თქვენს ვიტრინამდე.
ოქრო კაცობრიობისთვის 7 000 წელზე მეტია ცნობილია. ის ერთ-ერთი იშვიათი ლითონია, რომელიც ბუნებაში წმინდა სახით ზოდებით ან სხვა ფორმით გვხვდება.
თუმცა, წმინდა ოქრო (999 სინჯი / 24 კარატი) იმდენად რბილია, რომ შეგიძლიათ ფრჩხილითაც კი დაკაწროთ ან თითებით გაღუნოთ. ამიტომ, წმინდა ოქროსგან საიუველირო ნაკეთობების დამზადებისას ან შეძენისას არ გაგიკვირდეთ, თუ ის დროსთან ერთად დეფორმირდება.
იმისთვის, რომ ოქროს სიმტკიცე მიეცეს, მასში ვამატებთ სხვა ლითონებს (სპილენძი, ვერცხლი, პალადიუმი, ნიკელი, თუთია). ამ ნარევს ლიგატურა ეწოდება.
585 სინჯი (14K): შენადნობის 58.5% არის წმინდა ოქრო, ხოლო 41.5% — დამხმარე ლითონები.
ყველაზე ხშირი არჩევანი! არის ძალიან მტკიცე, ნაკლებად იკაწრება და იდეალურია ყოველდღიური მოხმარების სამკაულებისთვის . სხვა სინჯებთან შედარებით უფრო ბიუჯეტურია.
750 სინჯი (18K): შენადნობის 75% არის წმინდა ოქრო, ხოლო 25% — ლიგატურა.
პრემიუმ ხარისხი. აქვს უფრო მდიდარი, მკვეთრი ყვითელი ფერი. შედარებით რბილია 585-თან შედარებით, თუმცა ბრილიანტების ჩასასმელად ხშირად სწორედ მას იყენებენ.
916 / 999 სინჯი (22K / 24K): თითქმის წმინდა ოქრო. გამოიყენება საინვესტიციო ზოდებსა და მონეტებში, საიუველირო ნაკეთობებში — ძალზე იშვიათად (ძირითადად აზიურ კულტურაში, საქორწილო ბეჭდებში და სხვ.).
ბუნებაში არსებობს მხოლოდ ყვითელი ოქრო. ყველა სხვა ფერი მიიღება ლიგატურის (დამატებითი ლითონების) სწორი შერჩევით.
ყვითელი ოქრო: წმინდა ოქროს, ვერცხლისა და ცოტა სპილენძის ნარევია. ინარჩუნებს ბუნებრივ, თბილ ელფერს.
ვარდისფერი და წითელი ოქრო (Rose / Red Gold): მიიღება ოქროში სპილენძის წილის გაზრდით. რაც მეტია სპილენძი, მით უფრო წითელია ელფერი. სპილენძი მას დამატებით სიმტკიცესაც ანიჭებს.
თეთრი ოქრო (White Gold): მიიღება ოქროში თეთრი ლითონების — პალადიუმის, ვერცხლის ან ნიკელის შერევით.
თეთრ ოქროს ბუნებრივად აქვს ოდნავ მოყვითალო-ნაცრისფერი ელფერი. იმისთვის, რომ მან მიიღოს სარკისებური, კაშკაშა თეთრი ბზინვარება, მას აუცილებლად ვფარავთ როდიუმით!
თუ ვერცხლი ჰაერზე ჟანგდება და შავდება, ოქრო ქიმიურად ძალიან სტაბილურია და არასოდეს გაშავდება. თუმცა, დროთა განმავლობაში ის მაინც კარგავს ბზინვარებას ცხიმის, კრემებისა და ნაკაწრების გამო.
მოარიდეთ ქლორს: აუზის ქლორირებული წყალი ოქროს შენადნობის (განსაკუთრებით 585 სინჯის) ყველაზე დიდი მტერია — მან შეიძლება შენადნობი დააზიანოს და თვლების სამაგრები მოშალოს.
გაწმენდა სახლის პირობებში: ჩაალბეთ თბილ, საპნიან წყალში (შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე წვეთი ნიშადურის სპირტი), ნაზად გაწმინდეთ რბილი ჯაგრისით და გაამშრალეთ.
თეთრი ოქროს განახლება: თუ თქვენმა თეთრმა ოქრომ 1-2 წელში ოდნავ მოყვითალო ელფერი მიიღო, ნუ შეშინდებით — ეს ნიშნავს, რომ როდიუმის დამცავი შრე გაიცვითა. მიიტანეთ იუველირთან და ხელახალი როდირების შემდეგ ის ისევ ახალივით იბზინებს.
დამატებით, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ათწლეულებია არსებობს.
მომხმარებლები ხშირად კითხულობენ: „რომელი ოქრო ჯობია — რუსული, იტალიური თუ თურქული?“
როგორც პრაქტიკოსი იუველირი, პირდაპირ გეტყვით: ოქროს ეროვნება არ აქვს.
სინჯი ყველგან ერთია: 585 სინჯის (14K) ოქრო რუსეთშიც, იტალიაშიც და ამერიკაშიც შეიცავს ზუსტად 585 მილიგრამ წმინდა ოქროს თითო გრამში. ოქროს შემცველობით მათ შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს.
საიდან გაჩნდა ეს მითი? საბჭოთა კავშირში ძირითადად აწარმოებდნენ მოწითალო ელფერის ოქროს (სპილენძის მაღალი შემცველობით), რასაც ხალხი „რუსულ ოქროს“ ეძახდა. ევროპაში (მათ შორის იტალიაში) კი უპირატესობას ანიჭებდნენ ლიმონისფერ-ყვითელ ოქროს (სადაც სპილენძზე მეტი ვერცხლია დამატებული).
ხარისხის რეალური განსხვავება: განსხვავება არის არა წარმოშობის ქვეყანაში, არამედ დამზადების ტექნოლოგიასა და ნაკეთობის სიმკვრივეში. იტალია საიუველირო ინდუსტრიის გიგანტია და გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით, თუმცა მათი ნაკეთობები ხშირად ღრუ და თხელკედლიანია, რაც მათ სისუსტეს სძენს. „რუსული“ ნაკეთობები კი ისტორიულად უფრო მასიური და სქელკედლიანი მზადდებოდა.
ვერდიქტი: ნუ შეაფასებთ ოქროს ქვეყნის მიხედვით. ყურადღება მიაქციეთ სინჯის დამღას, ნაკეთობის წონას, კედლის სისქესა და ნაკერების ხარისხს!